histoire

chorus

მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2003 წელს დაფუძნდა. მასში გაერთიანდნენ ქართული ხალხური სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებლები. სახელწოდება „დიდგორი“ ანსამბლს არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე) უწოდა. ესოდენ საპატიო სახელი გუნდის წევრებს სამშობლოსადმი გულწრფელ სიყვარულს, თავდადებასა და წინაპრების სულიერი მემკვიდრეობის შეურყვნელად დაცვას ავალდებულებს. ანსამბლის წევრებმა ბ-ნ ლევან წიტაიშვილის ხელმძღვანელობით არაერთი ქართული სიმღერა და საგალობელი შეისწავლეს.
მალე გუნდმა გალობა დაიწყო წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში, ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ნიკოლოზ ჩიტიას ლოცვა-კურთხევით.
2006 წლის 5 თებერვალს „დიდგორი“ საკონცერტო პროგრამით თბილისის კინოს სახლში წარდგა.
2007 წლის 25 მაისს ანსამბლმა კონცერტი გამართა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფართო აუდიტორიის წინაშე.
2007 წლის ოქტომბრიდან „დიდგორმა“ ხელმძღვანელის გარეშე განაგრძო ფუნქციონირება და 2008 წლის 2 ივნისს გამართა მე-2 სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
ანსამბლ „დიდგორის“ შემოქმედების პრინციპული მიმართულებაა - ძველი ხალხური სიმღერების მოძიება და მისი საშემსრულებლო ხასიათის საფუძვლიანი შესწავლა. ამ საქმეში გუნდის წევრებს უდიდეს დახმარებას უწევს ძველი საარქივო ჩანაწერები.
ანსამბლი მრავალჯერ გამოვიდა ქართული ხალხური სიმღრების მოყვარული აუდიტორიის წინაშე არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამართულ ღონისძიებებზე. 2008 წლის სექტემბერში ანსამბლმა ფოლკლორის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.